ტაჯ მაჰალი ინდოეთის საკულტო ძეგლია და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ტურისტულ ღირსშესანიშნაობად ითვლება. მის სანახავად ყოველწლიურად აგრაში მილიონობით ვიზიტორი ჩამოდის. ეს გასაოცარი სასახლე რეალურად გაცილებით შთამბეჭდავია. თუმცა, აგრაში მხოლოდ მისით არ მოიხიბლებით. ჩვენ აქ სხვა აუცილებლად სანახავ ადგილებსაც გირჩევთ:

1. ტაჯ მაჰალი

ეს ნაგებობა ისტორიის წიგნებში, მისალოც ბარათებზე, სოციალურ მედიაში… – ყველგან გინახავთ. მაგრამ ინდოეთში მოგზაურობისას შანსი გეძლევათ მისი დიდებულება რეალურად ნახოთ. ტაჯ მაჰალი მე-17 საუკუნით თარიღდება. იმპერატორი შაჰ ჯაჰანი გულნატკენი იყო, როდესაც მისი საყვარელი ცოლი მშობიარობის დროს გარდაიცვალა და მისთვის პატივის მისაგებად ეს თეთრი მავზოლეუმი ააგო. ტაჯ მაჰალს 20 წელი აშენებდნენ და მის მშენებლობაზე ოცი ათასი მუშა იყო დასაქმებული. არასდროსაა ცუდი დრო მის მოსანახულებლად, მაგრამ ერთ-ერთი განსაკუთრებული დრო მზის ამოსვლის პერიოდია. კარიბჭეში შესვლისას დაათვალიერეთ ბაღები ორნამენტებით, დამამშვიდებელი წყლის აუზები და თვითონ სასახლე.

2. აგრას ციხესიმაგრე

აგრაში იუნესკოს დაცული ძეგლი მხოლოდ ტაჯ მაჰალი არაა. ქალაქს ციხესიმაგრეც აქვს, რომელიც საუკუნეებს ითვლის. კომპლექსში შედის უზარმაზარი სასახლე აზიური ელემენტებით, ეზო წყლის არხებით, თეთრი მარმარილოთი აშენებული პავილიონები, რვაკუთხა კოშკი და აშ. აქ თვალიერებაში რამდენიმე საათს გაიყვანთ.

3. იტიმადის სამარე (Itimad-ud-Daulah’s Tomb)

იამუნას მდინარის ნაპირზე აგრას კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა მდებარეობს. ეს მავზოლეუმია 13 მეტრი სიმაღლის კოშკებით ყველა კუთხეში. აქ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მარმარილოში ამოკვეთილი ყვავილოვანი დეკორაციებია. მიუხედავად მისი სილამაზისა, ამ სამარეს აგრაში ნაკლები ვიზიტორი სტუმრობს და ხალხმრავლობა თითქმის არასდროსაა.

4. მთვარის შუქის ბაღი (Mehtab Bagh)

ეს ულამაზესი პარკი ყვავილოვან ბუჩქებს, ულამაზეს ხეებს და ფლორას წარმოგვიდგენს. აქ შეგიძლიათ ჩამოჯდეთ, ისეირნოთ და შორიდან უმზიროთ ტაჯ მაჰალის დიდებულებას. ფოტოების გადასაღებადაც საკმაოდ სასიამოვნო ატმოსფეროა.

5. ემპორიუმი (Subhash Emporium)

აქაურობა ნებისმიერ ვიზიტორს შეაყვარებს მარმარილოს ნაკეთობებს. ემპორიუმს დიდი ხნის მტკიცე რეპუტაცია აქვს, როგორც აგრაში მდებარე ხელნაკეთი ქვის ნივთების საუკეთესო მაღაზიას. აქ აღმოაჩენთ სუვენირებს, ჭურჭლის კომპლექტებს, ცხოველთა სკულპტურებს, პატარა სათავსოებს, შანდლებს, ლამპრებს, მაგიდის გადასაფარებლებს და აშ. თუ არაფერს ყიდულობთ, უბრალოდ დათვალიერებითაც კი ისიამოვნებთ.

6. აკბარის მავზოლეუმი (Akbar’s Mausoleum)

იმპერატორი აკბარ დიდი 50 წლის მანძილზე მართავდა სამეფოს. მის ნეშტს აგრას ერთ-ერთ გამორჩეული ძეგლი ინახავს. აკბარის მავზოლეუმის კომპლექსი სხვადასხვა ფერის მარმარილოთია აგებული და ბაღებითაა გარშემორტმული, სადაც ირმები, მაიმუნები და თუთიყუშები ცხოვრობენ.

7. Fatehpur Sikri

ტაჯ მაჰალიდან 1 საათის სავალ გზაზე მდებარე ეს ძეგლი აგრადან აცუილებლად სანახავი დღიური ტურების სიაშია. ეს ქალაქი ერთ დროს მოგოლთა იმპერიის დედაქალაქი იყო, რომელიც აკბარმა წმინდანის საპატივცემულოდ ააგო. მისმა მაცხოვრებლებმა წყლის პრობლემების გამო ქალაქი აშენებიდან მალევე მიატოვეს. ტურისტებს შეუძლიათ დაათვალიერონ მისი ნაშთები.

8. სპილოებზე ზრუნვის ცენტრი (Elephant Conservation and Care Center)

ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია აგრადან 30 კილომეტრში დაშავებულ, ძალადობაგამოვლილ სპილოებს სპეციალურ დაწესებულებაში უვლის. მათი ტურების ფარგლებში იხილავთ 20-ზე მეტ სპილოს, რომლებიც მძიმე პირობებისგან დაიხსნეს. ტურისტებს საშუალება ექნებათ ცხოველთა გამოკვებაშიც მიიღონ მონაწილეობა. თუ სპილოებთან ინტერაქციის სურვილი გაქვთ, აუცილებლად ჩაინიშნეთ ეს ადგილი აგრაში.

9. აგრას ძველი ქალაქი

აგრას ავთენტურობის შესაგრძნობად აუცილებლად ეწვიეთ ძველ ქალაქს და მოიარეთ ის ფეხით. სამ საათიანი გიდის ტურები ტურისტებს აგრას არქიტექტურაზე, ისტორიაზე, კულტურაზე და კვებაზე მოუყვება. დააკვირდებით ქალაქის ყოველდღიურობას, გაეცნობით ადგილობრივთა ცხოვრების წესს, დატკბებით სხვადასხვა რაკურსის ხედებით ტაჯ მაჰალზე და აღმოაჩენთ სხვადასხვა არომატის სუნელებს ბაზარში.

10. კულტურის ცენტრი (Kalakriti Cultural & Convention Center)

ამ ცენტრის მისიაა გააღრმავოს ტურისტთა ცოდნა ინდური ხელოვნებისა და კულტურის მიმართ. თითქმის ყოველ საღამოს აქ ცნობილი ეპრფორმანსი: “სიყვარულის საგაა” ნაჩვენები. ეს დრამატული მიუზიკლია, რომელიც ტაჯ მაჰალის ისტორიას აცოცხლებს. თუ ინდური კინო-ესთეტიკა გაინტერესებთ და ბოლივუდით შთაგონებული ცეკვებისა და სიმღერების მოსმენა გსურთ, ამ ერთ საათიან შოუს დაესწარით.

11. ჯამა მასჯიდი (Jama Masjid)

ინდოეთის ერთ-ერთი უდიდესი მეჩეთი აგრას ისტორიულ ნაწილში მდებარეობს, აგრას ციხესიმაგრის სიახლოვეს. ჯამას მეჩეთი მე-17 საუკუნეში ააგეს და მისი ინტერიერში ტაჯ მაჰალის ინტერიერის მსგავსებას აღმოაჩენთ. პარასკეობით აქ ლოცვების საათებია და ბევრი ხალხი იყრის თავს. სხვა დროს კი თითქმის სულ ცარიელია.

12. ჩინი კა რაუზა (Chini ka Rauza)

ეს ღირსშენისანიშნაობა კი იტიმადის სამარესთან მდებარეობს. მონუმენტი ისეთივე საუცხოოდ შემონახული არაა, როგორც აგრას სხვა ძეგლები, თუმცა მაინც შეიმჩნევა ცისფერი, ყვითელი, მწვანე და ნარინჯისფერი ფილების ნატიფი დიზაინი.