ბულგარეთი მნახველებს დაუვიწყარ ბალკანურ შთაბეჭდილებებს სთავაზობს – რომაული ნანგრევებიდან, უცნაური ფორმის მთაგრეხილებამდე; ანტიკური შენობებიდან – ფერად ქალაქებამდე. ჩვენ ამ ქვეყნის საუკეთესო ღირსშესანიშნაობებს წარმოგიდგენთ.
პლოვდივის ანტიკური თეატრი
პლოვდივის ძველ ქალაქში ანტიკური თეატრი ბრწყინვალედაა შემონახული და ის პირველი საუკუნით თარიღდება. თეატრალური წარმოდგენები და გლადიატორთა ბრძოლები სწორედ აქ ტარდებოდა, ისევე როგორც მნიშვნელოვანი შეკრებები. ზაფხულობით, ანტიკურ ნანგრევებში ლაივ მუსიკაც გასიამოვნებთ.
Tsarevets Fortress, ქ. ველიკო ტარნოვო
ეს ციხესიმაგრე ააგეს იქ, სადაც 800 წლის წინ, ბულგარეთის მეფის სასახლე იდგა. ადით მთაზე და დაათვალიერეთ მუზეუმი. თუ წინასწარ დაჯავშნით, შეგიძლიათ სინათლის შოუზეც მოხვდეთ.

პროჰოდნას გამოქვაბული, სოფელი კარლუკოვო
ეს გამოქვაბული, მისი უნიკალური სტრუქტურის გამო, ტურისტულად პოპულარული ადგილია. ქვაში ამოჭრილ ორ რგოლს “ღმერთის თვალებს” უწოდებენ. მათი ხილვა ღამით განსაკუთრებით შთამბეჭდავია, მთვარით და ვარსკვლავებით მოჭედილ ცაზე.
ბელოგრადჩიკის ქვები
პატარა ქალაქ ბელოგრადჩიკში გასაოცარი ფორმების მქონე ქვებია, რომლებიც ღრუბლების მსგავსად, ცხოველებს, ადამიანებს და სხვადასხვა ნივთებს მოგვაგონებენ. ზევიდან დანახული ხედი ფენომენალურია.
პირინის ეროვნული პარკი
პირინი ბულგარეთის მთებში ყველაზე პოპულარული სალაშქრო ადგილია. არაა გასაკვირი, რომ ის ბევრი ვიზიტორის გულს იგებს. ლანდშაფტი ძირითადად ალპურია, ლურჯი ტბებით.
სოფელ კრუშუნას ჩანჩქერები
ეს ჩანჩქერები თითქოს ხელოვნურია და სურათებზე მის დიდებულებას ბოლომდე ვერ აღვიქვამთ. კამკამა წყალი გარემოსთან ლამაზ კონტრასტს ქმნის.
ბალჩიკის სასახლე და ბოტანიკური ბაღი
ბულგარეთის მხარეს, შავი ზღვის სანაპიროზე, საუკეთესო კულტურული მიმართულება ბალჩიკის სასახლეა, თავისი შთამბეჭდავი ბოტანიკური ბაღებით. სასახლე დედოფალ მარიას ეკუთვნოდა, რომელიც გარკვეული პერიოდი ბულგარეთის ამ ნაწილებს მართავდა. მას ქალაქი ბალჩიკი ისე უყვარდა, რომ ის საკუთარ სამოთხედ აქცია.
ქვის სოკოები, სოფელი ბელი პლასტი
ეს ზღაპრული ქვის ფორმაციები ბულგარელ ტურისტებშიც პოპულარული და საინტერესო ღირსშესანიშნაობაა. 3 მეტრი სიმაღლის სოკოების ქვეშ, თავს დაპატარავებულ ალისად იგრძნობთ საოცრებათა ქვეყანაში.
ათანასოვკოს ტბა ქალაქ ბურგასში
ეს ტბა მაგიურ ატმოსფეროს ქმნის, რადგანაც ვარდისფერი შეფერილობის წყალი სიურეალისტურად გამოიყურება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მასში ადამიანებს ვხედავთ. ადგილობრივები და ტურისტები აქ უფასო სპა პროცედურისთვის მოდიან – უბრალოდ იღებენ რელაქსაციას ღია ცის ქვეშ და ბანაობენ.
ვარდების ველი, ცენტრალური ბულგარეთი
ბულგარეთი ცნობილია როგორც “ვარდების ქვეყანა”. მის ცენტრალურ ნაწილში მდებარე რეგიონს “ვარდების ველს” უწოდებენ, რადგანაც აქ, გაშლილ მინდორზე ბევრი ვარდი ყვავის. მას ქალაქ კაზანლაკის სიახლოვეს მიაგნებთ. ყოველწლიურად, მაისის შუა რიცხვებიდან ივნისის შუა რიცხვებამდე აქ ვარდების ფესტივალიც ტარდება. ტურისტებს შეუძლიათ ყვავილების მოკრეფის პროცესში თავადაც მიიღონ მონაწილეობა.