პროვინციალური ტოსკანას მშვენიერებას ავსებს პატარა თვალწარმტაცი ქალაქები და სოფლები, მოფენილი ხეობებსა და ბორცვებზე. იტალიაში მათ ბორგოს ეძახიან და დიდ კულტურულ ცენტრებს უწოდებენ. აქ ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ცხოვრება საბოლოოდ არ გაჩერდეს: ყოველ წელს ირჩევენ ყველაზე ლამაზ ბორგოს რეგიონების მიხედვით, ადგენენ გზამკვლევებს, იწვევენ ტურისტებს ადგილობრივ დღესასწაულებსა და ფესტივალებზე. 

ვინჩი

ზუსტად აქ, ფლორენციასთან ახლოს მდებარე ქალაქში დაიბადა ლეონარდო და ვინჩი. ამიტომ ვინჩის ყველაზე მთავარი ღირსშესანიშნაობებია – მხატვრის მუზეუმი და სახლი, სადაც ის დაიბადა. გუიდის სასახლეში არსებული მუზეუმი ლეონარდოს ნამუშევრებს მოიცავს, მოგზაურები ასევე ხშირად კოშკზე ადიან და იქიდან მიმოიხილავენ მიდამოებს. ვინჩის გვერდით, ანკიანოში მდებარეობს XV საუკუნის მოკრძალებული ერთსართულიანი სახლი, უკვე რეკონსტრუირებული, მაგრამ თითქმის ასეთში დაიბადა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გენიოსი. 

გრევე-ინ-კიანტი

ეს ქალაქი ცნობილია არა არქიტექტურული ნიმუშებით, არამედ ტოსკანას ყველაზე ცნობილი წითელი ღვინით – ცნობილი კიანტით. თუმცა, სამკუთხედი პიაცა მატეოტი ასევე ძალიან ლამაზია: აქ არკადიანი სახლები, დუომო, რატუშა და შავი მამალი მდებარეობს – კიანტის ხეობის სიმბოლო. შეეცადეთ დაგეგმოთ გრევე-ინ-კიანტიში მოგზაურობა შაბათს – ამ დღეს მთავარ მოედანზე იხსნება ადგილობრივი პროდუქტების ბაზარი. აქ ასევე მდებარეობს რამოდენიმე ვინოთეკა და სადეგუსტაციო დარბაზები, სადაც აუცილებლად იპოვით ღვინოს თქვენი გემოვნებით. 

სან-ჯიმინიანო

სან-ჯიმინიანო საკმაოდ ატმოსფერული ტოსკანას პატარა ქალაქია, რომელსაც ბევრი შუასაუკუნეების მანხეტენს ეძახის. აქ სულ 13 კოშკია შემორჩენილი, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეყვანილი. თუ დააპირებთ სან-ჯიმინიანოში დარჩენას, გირჩევთ Hotel Bel Soggiorno-ს სასტუმროში გათენებას და ოთახის ფანჯრიდან ტოსკანური ხეობით დატკბობას. ასევე გირჩევთ გაისეირნოთ ადგილობრივ დუომოზე და სამკუთხედ პიაცა დელა ჩისტერნაზე. 

მონტერიჯონი

ეს პატარა ქალაქი გაგაოცებთ იმით, რომ ის სრულად გარშემორტყმულია დამცავი კედლებით, რომელიც შენარჩუნდა შუასაუკუნეების პერიოდიდან მოყოლებული. დანტეც კი ხშირად მოიხსენიებდა მონტერიჯონის 14 კოშკს, რომელიც მას აღაფრთოვანებდა. კედლების მონახულების შემდეგ გირჩევთ გაეშუროთ მთავარი მოედნისაკენ და ერთ-ერთ ადგილობრივ კაფეში დააგემოვნოთ ლეგენდარული ტოსკანური სტეიკი “ფიორენტინა”.

 ქალაქის მთავარი მოედანია – Piazza Roma, რომელსაც ტიპიური შუასაუკუნეების ხიბლი ჯერ კიდევ შენარჩუნებული აქვს. ივლისში აქ ტარდება სახელოსნო ბაზრები, სადაც თქვენ თვალწინ იხილავთ ჭურჭლის, იარაღისა და ნაჭრების დამზადების პროცესს. 

ვოლტერა

ტოსკანას ქალაქებს შორის, ვოლტერა ალბათ ყველაზე მოღუშული მოგეჩვენებათ. ქალაქმა ბევრი რამ გადაიტანა: ეტრუსის დროიდან შემორჩა ნანგრევები არქეოლოგიურ პარკში, რომაელებისაგან კი – Teatro romano -ს ნასახლარები, პალაცო დელ პრიორი ფლორენციის მმართველობის დროს და მედიჩის ციხე-სიმაგრე, სადაც დღეს ციხე მდებარეობს. ასევე, ვოლტერა – ალებასტრული ქვის წარმოების ცენტრია, რის შეძენაც ტურისტებს შეუძლიათ ადგილობრივი გამყიდველებისაგან. 

მონტეკარლო

მონტეკარლო ტოსკანას კარლოვის მთა და კიდევ ერთი ღვინის მწარმოებელი ცენტრია. ადგილობრივი ღვინო Montecarlo Bianco და Montecarlo Rosso დაცულია გეოგრაფიული წარმოების ნიშნით, მას ყიდულობენ და აგემოვნებენ ვინოთეკებში ან ღვინის მუზეუმში. ომის დროიდან მოყოლებული ქალაქი გარშემორტყმულია დამცავი კედლებით, სამი კოშკით და სამი ჭიშკრით, რომლითაც ძალიან ამაყობენ ადგილობრივები. მოსახლეობის კიდევ ერთი სიამაყეა – პატარა თეატრი 180 ადგილით, რომელიც სრულად არის რეკონსტრუირებული და მორგებული თანამედროვე თეატრზე.

ბორგო-ა-მოცანო

თვალწარმტაცი ქალაქი ბორგო-ა-მოცანო ცნობილია არაჩვეულებრივი კუზიანი ხიდით. ოფიციალურად ის მარია მაგდალინას სახელს ატარებს, თუმცა, ხშირად მის სახელწოდებას სხვანაირადაც გაიგებთ – როგორც ეშმაკის ხიდი. ეს ქალაქის ღირსშესანიშნაობა ძალიან ლამაზად გამოიყურება, განსაკუთრებით მაშინ, როცა მდინარე მშვიდია – ქვის რკალი შერწყმულია ანარეკლთან და ქმნის თითქმის იდეალურ სანახაობას. 

მონტალჩინო

მონტალჩინო, რა თქმა უნდა, ცნობილია ღვინით Brunello di Montalcino. ზუსტად აქ, მწვანე ბორცვებზე ხეების გარშემო იზრდება სანჯოვეზეს ჯიშის ყურძენი. ღვინო შესანიშნავია, მაგრამ ნამდვილი უგემრიელესი კოქტეილი გამოვა მაშინ, თუ მას დააგემოვნებთ ივლისის ფესტივალზე „ჯაზი და ვინო მონტალჩინოში“. ძველი შუასაუკუნეების ქალაქის ატმოსფერო კი ნარჩუნდება სასახლისა და კოშკების მრავალფეროვნებით, რატუშით და სამრეკლოთი პიაცა-დელ-პოპოლოს მოედანზე. 

ბანიო-ვინიონი

ბანიო-ვინიონის სოფელში არც ისე ჩვეულებრივ ცენტრალურ მოედანს იხილავთ – აქ დაყენებულია ქვის ბასეინი, ავსებული ვულკანის ცხელი წყაროების წყლებით. აქ ფეხების დასველების მიზნით აკრძალულია მთავარი ბასეინის გამოყენება, თუმცა შეგიძლიათ ისარგებლოთ პატარა არხებით. ოდესღაც თერმალური წყლები წისქვილამდეც აღწევდა და მშრალ პერიოდშიც კი ხელს უწყოდბა მის მუშაობას. დღეს ამ კომპლექსის ნანგრევებს კი წისქვილების პარკს ეძახიან. 

პიენცა 

პიენცა – პატარა ქალაქია ვალ-დორჩას ხეობაში, რომელიც ცნობილია ტოსკანას რენესანსული პეიზაჟებით. ასეთი ხედების რეცეპტი კი – მწვანე ბორცვებია, კვიპაროსები და ვიწრო გზები. აქ ოდესღაც მუშაობდა XV საუკუნის პირველი ურბანისტი პიი II. მან გადაწყვიტა დაეგეგმა მშობლიურ სოფელში იდეალური აღორძინების ქალაქი, რომელიც გაშენებული იქნებოდა მთავარი მოედნის გარშემო. ამასთანავე, პიენცაში მოგზაურობის დროს გირჩევთ დააგემოვნოთ პასტა Pici ტრიუფელით და მოინახულოთ პალაცო ფილმიდან „რომეო და ჯულიეტა“. 

მონტეპულჩანო

მონტეპულჩანო აოცებს ტურისტებს პალაცოთი, სამრეკლო კოშკით, რატუშით და წმ. მარიას ტაძრის მისტიური სილამაზით. აქ აწარმოებენ უგემრიელეს ღვინოს „ნობილე დე მონტეპულჩანო“ და იწვევენ სტუმრებს მისი წარმოების პროცესის გაცნობისათვის. მთლიანი ქალაქის მოსანახულებლად გირჩევთ რამოდენიმე დღის დათმობას – სასტუმროები იაფია ცენტრალურ ნაწილშიც კი, დროის გატარება კი მრავალფეროვანი. 

კორტონა

კორტონა – მონტე ედიჯოს მთაზე მდებარე ქალაქია, რომელიც ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე აღორძინდა. მაღლა ამავალი ვიწრო შუასაუკუნეების ქუჩები და კოხტა სახლები ქმნიან ქალაქის იერსახეს. აქ ბევრი ტაძარია, რომელთაგან ყველაზე საინტერესოა- წმინდა ფრანცისკის ტაძარი, რომელზეც სინიორელი და ფრა ანჯელიკო მუშაობდნენ. სხვათაშორის, არქიტექტორი და ხელოვნებათმცოდნე ვაზარიც აქ დაიბადა. მთის მწვერვალზე კი მდებარეობს მედიჩის ციხე-სიმაგრე. ტურისტები აქ მუსიკის, ფოტოგრაფიის, ლიტერატურისა, და განსაკუთრებით ფლორენციის ბიფშტექსის ფესტივალისთვის ჩამოდიან. 

ანგიარი

მაღალ ბორცვზე მდებარე ანგიარი გარშემორტყმულია კარგად შენარჩუნებული ციხე-სიმაგრის კედლებით. აქ, ტიბრას ხეობაში, 600 წლის წინ გაიმართა ბრძოლა, რომლის დროსაც ფლორენციელებმა შეინარჩუნეს მმართველობა ტოსკანაში. ამის საპატივცემულოდ გახსნეს მუზეუმი და ყოველ ივნისს ატარებენ ღონისძიებას „ბრძოლა ანგიარში“. გარდა ამისა, ანგიარი მყუდრო ქალაქია, სადაც ადგილობრივი პროდუქციის და მუსიკის ფესტივალები ტარდება, ასევე მოსავლის დღესასწაული, რომლის დროსაც სახლები გაფორმებულია ხის ფარდებით და მრავალი ყვავილით. 

სანსეპოლკრო

ქალაქი სანსეპოლკრო ცნობილია მსოფლიოში როგორც პიერო დელლა ფრანჩესკას – ადრეული აღორძინების პერიოდის მხატვარის სამშობლო. საქალაქო მუზეუმში შეგიძლიათ იხილოთ მისი ფრესკა „ქრისტეს აღდგომა“. იოანე ღვთისმეტყველის ტაძარს კი ამშვენებს პერუჯინოს ფრესკა „ამაღლება“ და X საუკუნის ბიბლიური ნამუშევრები. ყოველ სექტემბერს სანსეპოლკროში ტარდება არბალეტების ტრადიციული შეჯიბრები – Palio della Balestra. 

კიუზი

უძველესი კიუზი თითქოს ეპოქებისა და ხალხის ისტორიაზე დგას: აქ კვალი დატოვეს რომაელება, ბარბაროსებმა და პირველმა ქრისტიანელებმა. ქალაქს ეტრუსკების მარგალიტს ეძახიან: მათი მმართველობის დროს შეგროვილი ექსპონატები კი არქეოლოგიურ მუზეუმში ინახება. აქ ასევე ბევრ  უჩვეულო ტაძარს და შენობებს იხილავთ: წმინდა სეკონდიანას ტაძარს, სანტა-მარია-ნოველას ეკლესიას სამრეკლოთი, წმინდა ლეოპოლდის ტაძარს, კატაკბომბის ორ სისტემას და მიწისქვეშა გზებს. 

რადიკოფანი

რადიკოფანი ჩაფლულია შუასაუკუნეების ატმოსფეროში. ვიწრო ქუჩების ლაბირინტების გასწვრივ მოფენილია ნაცრისფერი სახლები, გაფორმებული ფერადი მცენარეებითა და ყვავილებით. აქ მოკრძალებულ ეკლესიას, სან-პიეტროს და ძველ შადრევანს იხილავთ. გირჩევთ თვალი გადაავლოთ ქალაქს ბორცვის მწვერვალიდან, რომელსაც ამშვენებს ციხე-სიმაგრის კედლები. 

პიტილიანო

პიტილიანო ხიბლავს მგზავრებს პირველივე შეხვედრიდან – ის ტოსკანას ერთ-ერთი ყველაზე მშვენიერი ადგილია: ქალაქი თითქოს ტუფის ორმოდან იზრდება მწვანე ხეობის გარშემო, ღამე კი ლამაზად ნათდება. ქალაქში უამრავი კიბე, ხიდი და სადამკვირებლო მოედანია, რომელსაც ტოსკანას იერუსალიმს ეძახიან – აქ უკვე 5 საუკუნეზე მეტია რაც უდიდესი ებრაული თემი ცხოვრობს. სინაგოგა და ქრისტიანული დუომო კი ერთმანეთთან ახლოს მდებარეობს და დიდ კონტრასტს უქმნის ქალაქს. 

ჯილიო კასტელო

ციცქნა სოფელი კომპაქტურად მოთავსდა ჯილიოს ტოსკანური კუნძულის შუაში, თუმცა, აქ მცხოვრები მოსახლეობა დაცულია ციხესიმაგრის კედლებით და გააჩნიათ საკუთარი სასახლე და სან-პიეტროს ტაძარი. ჯილიო კასტელო ამაყოფს საოცარი ხედით ტირენის ზღვაზე, ელბას, კორსიკას და მონტეკრისტოს კუნძულებზე, ზღვისა და მთით შერწყმული ბუნებით. აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ უნიკალური კერძები ველური კურდძღლისა და მოლუსკებისაგან.